„ბიბისი“ - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა
„ბიბისი“ - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე, „შექმნილი ვითარების“ გათვალისწინებით მიიღო.

ამასთან, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ფხენიანმა საზღვარზე მოწყობილი ხმის გამაძლიერებლების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ მოწყობილობებს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს.

ბოლო პერიოდში ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობებში ესკალაცია შეინიშნებოდა. გასულ კვირაში ფხენიანმა სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა. ამის მიზეზად სამხრეთ კორეიდან აქტივისტების მიერ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე პროპაგანდისტური გზავნილების გაგზავნა დასახელდა.