„ბიბისი“ – ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანელი მწერლის, ლი იანჰეს დაკავება დაადასტურა
ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანელი მწერლის, ლი იანჰეს დაკავება დაადასტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ლი იანჰეს მიმართ გამოძიება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით მიმდინარეობს.
როგორც მედია იუწყება, ლი იანჰეს პეკინის მიმართ კრიტიკის შემცველი არაერთი წიგნი აქვს გამოცემული. ჩინეთის ტაივანის საქმეთა სამმართველოში აცხადებენ, რომ გამოძიების მსვლელობისას ლი იანჰეს უფლებები დაცული იქნება.
„ბიბისის“ ცნობით, მწერლის დაკავების დადასტურებამდე ერთი დღით ადრე პეკინმა განაცხადა, რომ დააპატიმრეს ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პარტიის დამფუძნებელი იან ჩჟი-იუანი. ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის მიერ ტაივანის მცხოვრებლების „თვითნებური დაპატიმრებები“ გააკრიტიკა და პეკინი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
მწერალი ლი იანჰე მიმდინარე თვის დასაწყისში შანხაიში ვიზიტის დროს გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მისი გაუჩინარების შესახებ ცნობები დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. ლი იანჰეს მეგობრების განცხადებით, ის ჩინეთში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა.