„ბიბისი“ - ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორში შენობებს ინტენსიურად ანადგურებს
ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 1 500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 8 ნოემბერს თანამგზავრით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ კონტროლირებადი მთელი უბნები ერთ თვეზე ნაკლებ დროში მიწასთან არის გასწორებული.
ამასთან, გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დანგრეული შენობების რეალური რაოდენობა, შეიძლება, მნიშვნელოვნად მეტი იყოს, რადგან ზოგიერთ ტერიტორიაზე თანამგზავრული ფოტოები მიუწვდომელია.
„ბიბისის“ ცნობით, თანამგზავრული ფოტოების ვიზუალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში შენობების განადგურება ინტენსიურად გრძელდება.
ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში, მას შემდეგ, რაც ისრაელი და „ჰამასი“ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმდნენ. გეგმა ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების გაცვლასა და ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების შეშვებას მოიცავს.
