„ბიბისი“ - ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მთავრობის შემადგენლობიდან წამყვანმა მინისტრებმა მოუწოდეს
„ბიბისი“ - ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მთავრობის შემადგენლობიდან წამყვანმა მინისტრებმა მოუწოდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მას, მისი კაბინეტის შემადგენლობიდან წამყვანმა მინისტრებმა მოუწოდეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, პრემიერი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას სურს, გააგრძელოს ფოკუსირება ქვეყნის წინაშე არსებულ უზარმაზარი მნიშვნელობის საკითხებზე.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, პრემიერი თითოეულ მინისტრთან აუდიენციას ცალ-ცალკე მართავს.

დღეს გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი რეკორდული რაოდენობის – 14-მა მინისტრმა დატოვა.

წინა რეკორდი 1932 წელს დაფიქსირდა, როდესაც თანამდებობიდან ერთ დღეში 11 მინისტრი წავიდა.

ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, „კონსერვატიული პარტიის“ 358 დეპუტატიდან 75-მა კანონმდებელმა უკვე შეიცვალა პრემიერის მხარდამჭერი პოზიცია და ახლა ნეიტრალურ ან მის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

როგორც მედია წერს, მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონთან დაკავშირებით წერს: „დანანებით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით და ამიტომ თქვენც დაკარგეთ ჩემი ნდობა“. ამავდროულად, ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საზოგადოება სამართლიანად მოითხოვს, მთავრობამ იმუშაოს კომპეტენტურად და სერიოზულად.