„ბიბისი“ - ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად დაიბარეს
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი კლინტონი ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად კონგრესში დაიბარეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა, კლინტონების გარდა, კიდევ რვა პირი დაიბარა აღნიშნულ საქმეზე ჩვენების მისაცემად.
ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდებიან თუ არა კომერის მიერ დაბარებული პირები კომიტეტის წინაშე და მისცემენ თუ არა საჯაროდ ჩვენებას.
„კომიტეტი ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას ჯეფრი ეპშტეინის ისტორიის შესახებ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა გარდაცვლილი ფინანსისტის შესახებ მეტი ფედერალური ფაილის გამოქვეყნებაზე“, – წერს „ბიბისი“.
მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ აღშფოთება გამოიწვია ტრამპის მხარდამჭერებსა და ზოგიერთ დემოკრატს შორის, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ფაილები შეიცავს ეპშტაინთან დაკავშირებული ცნობილი მამაკაცების „კლიენტთა სიას“.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ შეიცავდა. ბონდიმ განაცხადა, რომ მისმა დეპარტამენტმა ვერ მოძებნა „კლიენტთა სიის“ მტკიცებულება. მან ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეპშტეინი თვითმკვლელობით გარდაიცვალა და მთავრობა მეტ ფაილს არ გამოაქვეყნებს.