„ბიბისი“ - ბეირუთის პორტში აფეთქებიდან ერთი თვის თავზე შესაძლოა, ნანგრევებში ცოცხალი ადამიანი იმყოფებოდეს [ვიდეო]
ბეირუთის პორტში აფეთქებიდან ერთი თვის თავზე შესაძლოა, ნანგრევებში ცოცხალი ადამიანი იმყოფებოდეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაუზუსტებელი ცნობით, ჩილელი მაშველების სპეციალურმა აღჭურვილობამ ნანგრევებში გულისცემა დააფიქსირა.
ადგილზე ცოცხალი ადამიანის არსებობაზე სამაშველო სამსახურებს სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმაც მიუთითა.
შემთხვევის ადგილზე, ღამის დადგომასთან ერთად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდა, თუმცა როგორც ადგილიდან „ბიბისის“ კორესპონდენტი იტყობინება, მოხალისეებმა ნანგრევების გაწმენდა ხელით გააგრძელეს. მოგვიანებით მათ კვლავ შეუერთდნენ ჩილელი მაშველები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედროები, მეხანძრეები და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.
ჩილელი მაშველები ლიბანში პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც 15 მეტრის სიღრმეზე შეუძლია სუნთქვის დაფიქსირება.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის დადასტურებული არ არის, რომ ნანგრევებში გადარჩენილი იმყოფება, თუმცა ადგილზე მყოფებიდან ზოგიერთი იმედს არ კარგავს.
ბეირუთის პორტში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რასაც 190-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასი კი დაშავდა.
ადგილზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ ვიდეომასალას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.