„ბიბისი“ – აშშ-ში, OpenAI-ს ოფისში ფარული ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟებაში ეჭვმიტანილ საუდის არაბეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს, საქმე სავარაუდო უკანონო მოსმენას ეხება
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, OpenAI-ს ოფისში ფარული ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟებაში ეჭვმიტანილ საუდის არაბეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს, საქმე სავარაუდო უკანონო მოსმენას ეხება.
ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, აბდულრაჰმან ალფოზანი, რომელიც OpenAI-ში ინჟინრად მუშაობდა, თანამშრომლების საუბრის ფარულად ჩაწერის მიზნით ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებაში ან გამოყენების მცდელობაშია ბრალდებული.
კომპანიის განცხადებით, სან ფრანცისკოს ოფისში აღმოაჩინეს „რთული კონსტრუქციის ჩამწერი მოწყობილობა“, რის შესახებაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობეს. OpenAI-ს ინფორმაციით, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახმარებით დაადგინეს, რომ მოწყობილობა რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაამონტაჟა.
პროკურორების ცნობით, მოწყობილობა აღმასრულებელი გუნდის შეხვედრების ოთახში, ტელევიზორის უკან, USB პორტში იყო მოთავსებული.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, ალფოზანი, სავარაუდოდ, ფარულად იწერდა კომპანიის ხელმძღვანელების კონფიდენციალურ საუბრებს. გამოძიების ვერსიით, მისი მიზანი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება იყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთ წლამდე პატიმრობა და 250 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, ალფოზანი OpenAI-ში ინჟინრად 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა. კომპანიამ ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა.