„ბიბისი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს, ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში ადანაშაულებს.
„ბიბისის“ ცნობით, ინფექციური დაავადებების წამყვანმა ექსპერტმა თეთრი სახლის კრიტიკა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო დაიმსახურა.
წამყვან ამერიკულ გამოცემას ფაუჩიმ უთხრა, რომ აშშ-მა ბევრი ტკივილი გადაიტანა. პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მიდგომის შესახებ კითხვაზე დოქტორმა ფაუჩიმ თქვა, რომ ბაიდენი მას „სერიოზულად უყურებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით“, ხოლო ტრამპი „ამას სხვა პერსპექტივიდან ხედავს, როგორიცაა ეკონომიკა და ქვეყნის გახსნა“. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკისა და ქცევის „მკვეთრი შეცვლა“ სჭირდება.
ფაუჩის კომენტარებმა თეთრი სახლის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. თეთრმა სახლმა ენტონი ფაუჩი ბაიდენის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის განმტკიცების მცდელობაში დაადანაშაულა. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯად დიერმა განაცხადა, რომ კომენტარები „მიუღებელია და არღვევს ყველა ნორმას“.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობამ აშშ-ში 230 000-ს, ინფიცირების შემთხვევებმა კი ცხრა მილიონს გადააჭარბა.