„ბიბისი“ - აშშ ავღანეთიდან ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
„ბიბისი“ - აშშ ავღანეთიდან ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს, რომლებიც კოალიციური ძალებს ეხმარებოდნენ და რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ევაკუაციის ოპერაციის დაწყება ივლისის ბოლო კვირაში იგეგმება.

„ისინი არიან მამაცი ადამიანები. ჩვენ გვინდა, დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ მათ მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებულ როლს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმიდვანმა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ბოლო ვადად 11 სექტემბერი აქვს განსაზღვრული.

როგორც „ბიბისის“ ანონიმურად წყარომ განუცხადა, ავღანეთიდან იგეგმება 2 500 ადამიანის ევაკუაცია, რომლებიც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სავიზო აპლიკაციების დამუშავებამდე აშშ-ში ან მესამე ქვეყანაში სამხედრო ბაზებზე იქნებიან გადაყვანილი.

ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანასთან და თალიბანის მიერ ახალი ტერიტორიების დაკავებასთან ერთად, საფრთხე შეექმნა იმ პირებს, რომლებიც უცხოურ ძალებთან თანამშრომლობენ, მათ შორის ძალოვნებთან. გასულ კვირას სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავღანეთში თალიბებმა ხუთი სამხედრო მფრინავი მოკლეს.