„ბიბისი“ ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი მაუწყებელს სამართლებრივი ზომებით ემუქრება
„ბიბისი“ ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი კორპორაციას სამართლებრივი ზომებით ემუქრება. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც კორპორაციამ აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღო.
ამასთან, „ბიბისი“ ადასტურებს, რომ ტრამპის წერილს უახლოეს ხანში გასცემს პასუხს.
ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. შიდა დოკუმენტის ავტორი იყო მაიკლ პრესკოტი, „ბიბისის“ სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილი დამოუკიდებელი მრჩეველი, რომელმაც ივნისში დატოვა თანამდებობა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა Telegraph-თან ინტერვიუში „ბიბისის“ „პროპაგანდის მანქანა“ უწოდა.