„ბი-ბი-სი“ (BBC) - სეზონი პრემიერლიგაში 10 ნეიტრალურ სტადიონზე უნდა გაგრძელდეს
„ბი-ბი-სი“ (BBC) - სეზონი პრემიერლიგაში 10 ნეიტრალურ სტადიონზე უნდა გაგრძელდეს

გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელების, სამედიცინო ორგანიზაციებისა და ლიგის კლუბების ვიდეოკონფერენცია. გუნდებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეზონის დასრულების იდეას, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობების შექმნა იქნება საჭირო.

კერძოდ, როგორც „ბი-ბი-სი“ (BBC) წერს, საჭიროა შეირჩეს ათამდე ნეიტრალური სტადიონი, რომელზეც გაიმართება მატჩები. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ორგანიზატორთა სურვილს – თავიდან აიცილონ მატჩების დროს გუნდების საშინაო არენებთან გულშემატკივრების მასობრივი თავშეყრა, როგორც ეს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ მატჩის დროს მოხდა. მაშინ მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდა, მაგრამ „პარკ დე პრესის“ გარეთ უამრავი პარიზელი გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა ხმა მიეწვდინა მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებისთვის.

ახალი მოთხოვნები იქნება საწვრთნელი პროცესისადმი. მოთამაშეები საწვრთნელ ბაზაზე უნდა მივიდნენ სპორტულ ფორმაში და ყოველთვის ეკეთოთ ნიღბები. ისინი არ მიიღებენ შხაპს და ვერ შეჭამენ ბაზის ტერიტორიაზე. თუ კლუბებს სურთ მოთამაშეების გამოკვება, კერძები უნდა მიიტანონ ფეხბურთელების ავტომობილებთან. ნებადართული იქნება მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა, ამასთან, მთელი სამედიცინო პერსონალი მთლიანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ყველანაირი შეხვედრა თუ მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბები ვარჯიშებს მაისში უნდა დაუბრუნდნენ, ტურნირი კი უნდა განახლდეს ივნის-ივლისში.