„ბიბისი“ (BBC) - საქართველო „პრო 14“-ში კლუბში დამატებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
„ბიბისი“ (BBC) - საქართველო „პრო 14“-ში კლუბში დამატებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველო „პრო 14“-ში (Pro 14) მოსახვედრად მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე ქართული კლუბიც ჩაერთოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.

„ბორჯღალოსნები“ ევროპაში საუკეთესო მეორე რანგის გუნდია, თუმცა ამის მიუხედავად, მათ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის შანსი იშვიათად ეძლევათ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა „ბიბისი სპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მაღალი დონის საკლუბო ტურნირებში ქართული გუნდის ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„ჩვენ სხვადასხვა ტურნირს განვიხილავთ“, – განაცხადა ჰეიგმა.

ცნობილი ფაქტია, რომ „პრო 14“-ს გაფართოება სურს და ჰეიგს იმედი აქვს, უახლოეს წლებში იქ ქართულ გუნდს იხილავს.

„შემდეგი ნაბიჯი ფრანჩაიზის შექმნაა, რომელიც უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ეს შესაძლოა „ქარი ქაფი“ (Currie Cup) იყოს, შესაძლოა „ზე რაგბი“ (Super Rugby), ან თუნდაც „პრო 14“. საერთაშორისო დონეზე კარგად თამაშისთვის ტრამპლინი გვჭირდება და საუკეთესო ვარიანტი სწორედ ასეთ ტურნირებში ჩართვაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპაში თამაში გვირჩევნია, რადგან ხარჯები საგრძნობლად შეგვიმცირდება“, – დაამატა ჰეიგმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს, ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მორელმა მცირე ხნის წინ ტურნირის გაფართოება გამორიცხა.

„ასეთი განცხადების გამო გაწბილებულები ვართ. იმედია, ოდესმე გარისკავენ და კარს გაგვიღებენ. მესმის, რომ ბიზნესის კუთხით ბევრი სირთულეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო ტურნირზე ითამაშოს“, – ამბობს ჰეიგი.

ამჟამად საქართველოს ნაკრები ოქსფორდში, ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.

„აქ უკვე მეორედ ვართ და ამისთვის ინგლისური რაგბის და ედი ჯოუნსის მადლიერი ვარ“, – განაცხადა ქართველთა თავკაცმა.