ბესო შენგელია - „დირსის“ მე-15 კორპუსში დღეს არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, სად წავიდნენ
ბესო შენგელია - „დირსის“ მე-15 კორპუსში დღეს არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, სად წავიდნენ

დირსის“ მე-15 კორპუსში დღეს არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, სად წავიდნენ, ახლა რომ გარეთ გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდათ დევნილ ოჯახებს სამინისტროსთან და რა პასუხებს იღებდნენ ისინი მთავრობისგან, შენგელიამ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები თვეების განმავლობაში აწყობდნენ სხვადასხვა აქციებს და ამ აქციების შემდეგ შეხვედრები ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან, საიდანაც ზოგი საერთოდ უკმაყოფილო გამოდიოდა, ზოგი კი კმაყოფილი, სწორედ ქულების პრაქტიკიდან გამომდინარე. 

„ეს ადამიანები აცხადებენ – მოდით, ნუ შეგვაფასებთ ქულებით, რადგან ქულებით კვლავ დავიჩაგრებით. ხდება ისე, რომ ქულებით ადამიანები იჩაგრებიან და ეს სისტემა როგორღაც უნდა შეიცვალოს, რადგან შეიძლება, „რვაქულიანზე” უფრო მეტ გაჭირვებაში იყოს „ოთხქულიანი” ადამიანი და რეალურად, თავშესაფარი არ ჰქონდეს“, – განაცხადა შენგელიამ.

შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას, დაადასტუროს სამინისტროს მიერ გავრეცელებული ინფორმაცია, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებიც „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსს იკავებენ, დევნილის სტატუსი საერთოდ არ აქვს, ნაწილს უკვე მიღებული აქვს ბინები, ან ფულადი კომპენსაცია, ბესო შენგელიამ განაცხადა, რომ „დირსის“ მე-13 კორპუსის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, როგორც იქ შეჭრილებმა განუცხადეს, იქ ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვისაც დევნილის სტატუსი არ ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება მე-15 კორპუსში შეჭრილ პირებს, მათ სრულ უმრავლესობას, 70-მდე ადამიანს პირადად იცნობს და დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ისინი იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

„გადაცემული სიით არის 131 ოჯახი. ჩვენ უნდა დავაზუსტოთ ამ ადამიანების ვინაობა და კონკრეტულად, ეკუთვნით თუ არა მათ მათ მიერვე წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.