ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა
ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა.

ქალაქში დილიდან დაიწყო მემორიალური ღონისძიებები. სკოლის სპორტული დარბაზის დანგრეულ შენობასთან, რომელიც მემორიალადაა გადაქცეული, 15 წლის წინანდელი მოვლენების დროს დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბელსანში 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლად აიყვანეს 1100 ადამიანი. მათ შორის ბავშვები, პედაგოგები და მშობლები. მომხდარზე პასუხისმგებლობა შამილ ბასაევმა აიღო. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვდნენ.

3 სექტემბერს დაიწყო სკოლის შენობის შტურმი, რა დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი. აღნიშნული სპეცოპერაციის გარშემო არსებული ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა სკოლის სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება დაიწყეს.

თუმცა, დეპუტატ იური საველიევის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ აფეთქებები, სპორტული დარბაზის მიმართულებით ყუმბარმტყორცნებიდან გასროლამ გამოიწვია.

ბესლანის ტერაქტი თანამდროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სკოლის შენობის დაკავებაში მონაწილე ყველა ტერორისტი მოკლეს. ცოცხალი მხოლოდ ერთი მათგანი – ნურპაშა კულაევი გადარჩა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ტერაქტს ბესლანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყვა. 8 წლით გაუქმდა გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები. შეიცვალა სახელმწიფო დუმის არჩევის წესიც, გამკაცრდა კანონმდებლობა.

2017 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთათვის სამი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს მთავრობამ ვერ დაიცვა მოქალაქეთა სიცოცხლე და შტურმის დაგეგმვის დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოება არ გაითვალისწინა.

დატოვე კომენტარი