ბესარიონ თედიაშვილი - მე შევცვლი ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში შესაცვლელია
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, ვინც უსამსახუროდ, უფულოდ და უიმედოდაა და ვუთხრა, კიდევ ერთხელ დაიჯერეთ საკუთარი თავის, ქვეყნის და კიდევ ერთხელ დაიჯერეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, – ასე მიმართა ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„საქართველოს პრეზიდენტობისთვის ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესჯგუფები თავიანთი მარიონეტი პოლიტიკოსების გამოყენებით იბრძვიან. მხარი დამიჭირეთ მე, ადამიანს, რომლის უკანაც ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესჯგუფები არ დგას; ადამიანს, რომელმაც არ იცის, რა არის დასვენება და არდადეგები. მე შევცვლი ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში შესაცვლელია. თუ ამას დამიჯერებთ, დიდ სამსახურს გაუწევთ, პირველ რიგში, თქვენს თავს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თედიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად კარგი სტარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური კარიერის დასაწყებად, ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, რომ მითია მიდგომა, თითქოს, ადამიანს აუცილებლად პოლიტიკური წარსული და გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ რამის გამკეთებელი იყოს.
„ვფიქრობ, პირველ რიგში, რამის გამკეთებელი უნდა იყო და მერეა პოლიტიკური წარსული და გამოცდილება. ამის ნათელი მაგალითი აშშ-ში გვაქვს, როცა პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ცვლილებების მოტანის ნება ჰქონდა და დღეს აშშ-ის ეკონომიკა 10 ტრილიონი დოლარით არის გაზრდილი“, – განაცხადა თედიაშვილმა.
მისი თქმით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად უმთავრესია უკონტროლო ემიგრაცია, სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ჯარის, პოლიციისა და მაშველების პრესტიჟის აწევა, რადგან ეს ქვეყნის პრესტიჟის და უსაფრთხოების საკითხია.
„ხალხს სიამაყე და იმედი სჭირდება. ადამიანებმა თავი ოჯახის წევრებად უნდა შეიგრძნონ, ჩვენ კი, ქვეყანას ვაქცევთ ერთ ოჯახად, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთ ოჯახად გაერთიანებული ქართველი ერი შეუჩერებელია და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა თედიაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში და დანარჩენ საქართველოში ძალიან სერიოზულად არის მისახედი თურქეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, რადგან ხშირად არის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს.
„მაგალითად, არის თურქული კომპანიები, რომლებიც თურქეთის სახელმწიფოს მიერ, ხშირ შემთხვევაში, 70%-ით სუბსიდირდება და შენ რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ 70%-ით სუბსიდირებულ ბიზნესს კონკურენცია გაუწიო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ სწორი ინვესტიციები გვჭირდება“, – განაცხადა ბესარიონ თედიაშვილმა.