ბესარიონ თედიაშვილი - არ მგონია, ზაზა ოქუაშვილი ფრთიანი ანგელოზი იყოს, ბიუჯეტის დავალიანება აქვს და უბრალოდ, გადახდა არ უნდა
ბესარიონ თედიაშვილი - არ მგონია, ზაზა ოქუაშვილი ფრთიანი ანგელოზი იყოს, ბიუჯეტის დავალიანება აქვს და უბრალოდ, გადახდა არ უნდა

არ მგონია, ზაზა ოქუაშვილი ფრთიანი ანგელოზი იყოს, მას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს დაგროვილი და უბრალოდ, გადახდა არ უნდა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

ამ განცხადებით ბესარიონ თედიაშვილი დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატს, კახა კუკავას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ოქუაშვილმა სიგარეტის ადგილზე წარმოება დაიწყო და ამიტომ მიადგა ჩუბინიშვილი, გახარია, მთელი მაფია და ყველანაირად ჩაძირეს“.

როგორც თედიაშვილმა აღნიშნა, ის მომხრეა, საქართველოში ნებისმიერი ინვესტორი ჩამოვიდეს, წარმოება გახსნას და პროდუქცია აწარმოოს, რადგან პროდუქციას უცხოელი აწარმოებს თუ ქართველი, ის უკვე ქართული პროდუქტია.

„მწარმოებელი ბიუჯეტში გადასახადებს იხდის და ადგილობრივებს ასაქმებს, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ არიან სუბსიდირებული და იქ ჩვენი მოქალაქეები არ არიან დასაქმებული, რადგან შრომის კოდექსში სრული გაურკვევლობა გვაქვს. ჩამოდიან უცხოელები და შპს-ს როგორც უნდათ, ისე ხსნიან, მერე ბიძაშვილები ჩამოჰყავთ, ამუშავებენ და ფული, რომელიც წარმოების პროცესში გროვდება, ისევ თავიანთ ვალუტაში კონვერტირდება და ქვეყნიდან გადის. ჩვენ გვინდა ინვესტიციები, რომლებიც სამუშაო ადგილებს აქ მოიტანს და დოვლათსაც აქ შექმნის“, – განაცხადა თედიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ის სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირებაა, ბესარიონ თედიაშვილმა აღნიშნა, რომ 90-იანმა წლებმა მოგვცა თაობა, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ არ აქვს ის უნარები, რაც დასაქმებისთვის სჭირდება, ამიტომ, ხალხს კვალიფიკაციის ამაღლებაში უნდა შეეწყოს ხელი და სიღარიბის პრობლემას ეს გადაწყვეტს.

„ჩვენ გვაქვს პროფესიული გადამზადების კურსები, რომელიც რეალურად, არ მუშაობს. ჩემი პროფესია ინვესტიციების და ფულის მოზიდვაა. პრეზიდენტს აქვს საპრეზიდენტო ფონდი და გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამ ფონდში სერიოზულ თანხებს მოვიზიდავ, რითაც კადრების გადამზადებას მოვახდენ. ბიზნესი კვალიფიციურ მუშახელს სანთლით ეძებს და პრეზიდენტმა ხალხს საშუალება უნდა მისცეს, ცხოვრება თავიდან დაიწყონ, ფული თავად გამოიმუშაონ და ოჯახებს მიხედონ“, – განაცხადა თედიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში იმპორტი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ადგილობრივ წარმოებასა და იმპორტს შორის თანაბარი კონკურენცია უნდა იქმნებოდეს.

„ბევრი იმპორტირებული საქონელი უცხო ქვეყნების მიერ არის სუბსიდირებული და გლეხმა აქ პროდუქცია რაც უნდა ეკონომიურად აწარმოოს, მაინც იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე სუბსიდირებული პროდუქცია და კონკურენციას ეს კლავს. მაშინ, სუბსიდირებული პროდუქცია არ უნდა შემოუშვა, ან შიდა წარმოებას შენვე უნდა გაუკეთო სუბსიდირება, რაც საქართველოში, არ მგონია, ჭკვიანური აზრი იყოს“, – ამ განცხადებით ბესარიონ თედიაშვილმა დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატს, კახა კუკავას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ „მავნებლობაა, რომ საქართველოში, ყველა მარკეტში უკრაინული ფორთოხლის წვენი იყიდება, მაშინ, როცა უკრაინაში ციტრუსი საერთოდ არ მოდის, ჩვენთან კი, აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში, გლეხი იმაშიც ფულს იხდის, რომ მოწეული ციტრუსი ნაგავში გადაყაროს“.