ბერნი სანდერსი - ტრამპის ადმინისტრაცია არის მილიარდერთა ფენისთვის, არ ადარდებს უბრალო ამერიკელები, უზარმაზარი გავლენა აქვთ პოლიტიკურ სისტემაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი დამარცხება შეგვიძლია
ბერნი სანდერსი - ტრამპის ადმინისტრაცია არის მილიარდერთა ფენისთვის, არ ადარდებს უბრალო ამერიკელები, უზარმაზარი გავლენა აქვთ პოლიტიკურ სისტემაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი დამარცხება შეგვიძლია

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. როგორ ვუპასუხებთ ამ მომენტს, გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაზე, არამედ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებაზეც, ხოლო კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით – ჯანმრთელობასა და პლანეტის კეთილდღეობაზეც, – ამის შესახებ ვერმონტის სენატორმა, ბერნი სანდერსმა განაცხადა.

სანდერსი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.

ვერმონტის სენატორის თქმით, ტრამპის გამოსვლაში ძალიან მცირე ინფორმაცია იყო იმაზე, თუ რა ხდება რეალურად აშშ-ში.

„თქვენ უსმენდით ტრამპს, რომელიც ძალიან ეფექტიანად ცდილობს, პარალელური სამყარო შექმნას თავისი მხარდამჭერებისთვის. იდეების კასკადი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია არც რეალობასთან და ახლოსაც არ არის ამერიკელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებთან. ერთ-ერთი მეთოდი, რითიც ამას აკეთებს, სიცრუის კონცეფციაა. ამ ტყუილების მიზანია მემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიის წახალისება. საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენი დაყოფის მცდელობაზე. ეს არის ოსტატური ძალისხმევა, რათა ყურადღება გადაიტანონ მნიშვნელოვანი პრობლემებიდან. 90-წუთიან სიტყვაში ერთი სიტყვა არ უხსენებია იმ ეკონომიკურ რეალობაზე, რომელსაც ამერიკელი დასაქმებულები აწყდებიან. თუ კარგად მოუსმენთ ამ გამოსვლას, იქ ძალიან მცირე ინფორმაციაა იმაზე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მან თითქმის სრულად დააიგნორა საკითხები, რომლებიც დასაქმებულ ადამიანებს ღამით მოსვენების საშუალებას არ აძლევს, რადგან ისინი დარდობენ, როგორ გადარჩნენ რთულ დროს. ტრამპის ადმინისტრაცია არის მილიარდერთა მთავრობა მილიარდერთა ფენისთვის. ამ მთავრობას საერთოდ არ ადარდებს უბრალო ამერიკელები და დასაქმებულები. გასაკვირი არ არის, რომ ტრამპს არაფერი უთქვამს კლიმატურ ცვლილებებზე, გარდა სიტყვისა – „გათხარეთ“. დიახ, ისინი აკონტროლებენ ჩვენს ეკონომიკას და ფლობენ მედიის უმეტესობას. მათ უზარმაზარი გავლენა აქვთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია“, – აცხადებს სანდერსი.