ბერნარდ შალანდი - ჩვენს ფეხბურთელებს მენტალიტეტის შეცვლა სჭირდებათ #1TVSPORT
ბერნარდ შალანდი - ჩვენს ფეხბურთელებს მენტალიტეტის შეცვლა სჭირდებათ #1TVSPORT

კოსოვოს მხარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ შალანდმა ბათუმის ახალ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან, საბერძნეთთან და ესპანეთთან სექტემბრის მოახლოებული მატჩების (2, 5 და 8 სექტემბერს) შესახებ მოკლედ ილაპარაკა. უფრო ვრცლად კი კოსოვოელ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს მენტალიტეტის შეცვლა სჭირდებათ.

– უახლოეს კვირაში გველოდება სამი რთული და საინტერესო მატჩი. ჩვენ და საქართველო ახლოს ვიყავით ევრო 2020-თან, მაგრამ ორივეს ჩრდილოეთ მაკედონიამ გვაჯობა. საქართველოს ნაკრების შეხვედრებს ვუყურე და გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თქვენმა გუნდმა სამივეჯერ კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაუმართლა. ჩვენ ორი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ ახლა დროა, კარგი თამაში ვაჩვენოთ. საჭიროა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ – პირადად მე საინტერესო თამაშისა და 3 ქულის იმედად ვარ. სამწუხაროა, რომ უგულშემატკივროდ ვითამაშებთ, მაგრამ ამ დროში სხვანაირად არ გამოვა.

– გვქონდა წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი. დროა ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ევრო 2020-დან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ევრო 2020-ზე გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა მნიშვნელოვანი რამ – მთავარია არა ფიზიკური და ტაქტიკური ასპექტები, არამედ მენტალიტეტი. დროა კოსოვომ დაუყოვნებლივ შეცვალოს მენტალიტეტი და თუ ეს მომდევნო მატჩიდან არ მოხდება, ჩვენ პრობლემები კვლავ გვექნება. დაუყოვნებლივ დაველაპარაკები გუნდს, რადგან მენტალიტეტის შეცვლა გვჭირდება, ამ შეხვედრისას ეს ჩემი მთავარი მიზანია.

– ვფიქრობ არა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე, არამედ გუნდის პროგრესზე. ახლა ჩემს თავში მხოლოდ საქართველოსთან მატჩია და უნდა დავამტკიცოთ, რომ პროგრესი გვაქვს. მენტალიტეტის თვალსაზრისით, ეს არის პირველი ცვლილება, რომელიც გვჭირდება. მე უკვე სამი წელია კოსოვოს ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ამ ასპექტით უკმაყოფილო ვარ. ამიტომ ორიენტირებული აზროვნების შეცვლაზე ვარ. იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ამის შემდეგ კი ევრო 2020-ზე გაიმარჯვა. მანჩინიმ გუნდში პირველი რაც შეცვალა, სწორედ მენტალიტეტი იყო. მეც ეს მსურს.

საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.