ბერლინში, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
ბერლინში, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ბერლინის პროკურატურამ განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში. თუმცა, ჩხრეკის შედეგად ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებას დაადასტურებდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მამაკაცის ბინაში გამომძიებლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები და ნაცისტური სიმბოლიკის შემცველი ნივთები აღმოაჩინეს.
საქმეს უკვე გამოეხმაურნენ პარტიაშიც. გამოცემა „ბილდის” ცნობით, კრისტინ ბრინკერმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომელი „უბრალოდ კოლექციონერია“ და მას არასდროს ჰქონია საფუძველი ეფიქრა, რომ მამაკაცი ასეთ შეხედულებებს იზიარებდა.
ცნობისთვის, ხვალ, 20 სექტემბერს მეკლენბურგ-წინა პომერანიისა და ბერლინის მიწის პარლამენტების არჩევნები გაიმართება.