ბერლინში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა
ბერლინში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა

ბერლინში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

სამართალდამცველებმა აქციის 500 მონაწილე დააკავეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ.

გერმანიის მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მაისში შეამსუბუქა, ქვეყანაში გაიხსნა რესტორნები და ბარები, თუმცა რესტორნების შიდა სივრცეებში მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შესვლა, რომლებსაც სპეციალური დოკუმენტი აქვთ, რომ ვაქცინირებულები არიან ან ვირუსი გადატანილი აქვთ. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირეა. კვირას ქვეყანაში 2 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით მცირედითაა მაღალი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 92 172 ადამიანი.