ბერლინში ევროკავშირის ანტიკრიზისული ცენტრის შექმნა იგეგმება
ბერლინში ევროკავშირის ანტიკრიზისული ცენტრის შექმნა იგეგმება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მასის განცხადებით, ევროკავშირის ანტიკრიზისული ცენტრი ბერლინში განთავსდება. მისივე თქმით, აღნიშნულ ცენტრში სპეციალურ მომზადებას სამოქალაქო ექსპერტები გაივლიან, რომლებიც ევროკავშირის მისიებში ჩაერთვებიან და სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დიდ კონფლიქტებად გარდაქმნას შეუშლიან ხელს.

მასის თქმით, აღნიშნული ცენტრის შექმნით, ევროკავშირი კრიზისების მართვის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ამ მიზნით იგეგმება 200 პოლიციელის, იურისტისა და სხვა ექსპერტების დაქირავება, რომლებიც კრიზისების მოსაგვარებლად ადგილზე ჩასვლას 30 დღის ვადაში შეძლებენ.

ევროკავშირის ექსპერტების მუშაობის მაგალითად დასახელდა საქართველო, სადაც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია არის დისლოცირებული. ასევე კოსოვო, სადაც ევროკავშირის ექსპერტები კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად არიან მივლენებულები.