ბერლინი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 183 მოქალაქე დაბრუნდა
ბერლინი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 183 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის სპეცრეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 ადამიანი დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამჟამად, საკარანტინო სივრცეებში 4 909 ადამიანია განთავსებული.