ბერლინალეზე პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი
ბერლინალეზე პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე Berlinale პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება.

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ cashrebate მექანიზმის შესახებ.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნონ ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მექანიზმი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.