ბერიძის გოლმა „უიპეშტს“ ვერ უშველა #1TVSPORT
ბერიძის გოლმა „უიპეშტს“ ვერ უშველა #1TVSPORT

შაბათს ქართველმა ლეგიონერებმა რამდენიმე ჩემპიონატში გამოიჩინეს თავი. 20 წლის გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ლვოვის „რუხის“ კარში. 57-ე წუთზე გიორგიმ ამ გოლით ოდესელები 3:0 დააწინაურა, თუმცა „რუხმა“ გათანაბრება შეძლო და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო „ჩერნომორეცმა“ გამარჯვების მოპოვება – 4:3. ბექა ვაჩიბერაძე 73-ე წუთზე გამოცვალეს.

ამ სეზონში წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერ ლიგაში მე-10 მატჩში პირველი გოლი გაიტანა. ეს 20 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის პირველი გოლია ჩერნომორეცის მაისურით, სადაც ის დინამო კიევიდან იჯარის წესით თამაშობს. სხვათა შორის, გიორგიმ უკრაინის პრემიერ ლიგაში სულ მეორე გოლი გაიტანა და, როგორც პირველი, ისე მეორე – რუხის კარში. ჩერნომორეცი 11 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის პრემიუმლიგაში დუბლი შეასრულა და გუნდს ქულების გადარჩენაში დაეხმარა, ხოლო თავად ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის მე-10 ტურის გმირი გახდა – პრემიერლიგის „ზირას“ ქართველმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა და ნიქოზიას „აპოელს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ „პუშკაშ აკადემიას“ ესტუმრა. ქართველი შემტევი სასტარტოში იყო. „უიპეშტი“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა 97-ე წუთზე პენალტით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში სულ 6 გო9ლი გაიტანა – 2 ჩემპიონატში, 3 უნგრეთის თასზე, ხოლო ერთიც კონფერენს ლიგაზე.