ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება - მობილიზებულია დამატებითი ძალები (ფოტოები)
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება - მობილიზებულია დამატებითი ძალები (ფოტოები)

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მობილიზებულია დამატებითი ძალები. ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამით ისმოდა სროლის ხმა. გარდა ამისა, იყო რამდენიმე აფეთქებაც.

მანამდე კი, დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცავებმა კორპუსის დატოვება სთხოვეს და უთხრეს, რომ მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.