ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - იაკობ ქაჯაიაც მეოთხედფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე ევროპული თამაშების მეოთხედფინალში გავიდა იაკობ ქაჯაია. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ლიეტუელ რომას ფრიდრიკასს პირველი პერიოდი 3:0 მოუგო. ორთაბრძოლის მეორე ნახევარში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქაჯაიამ, საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ქულა შემატა და საბოლოოდ 4:0 გაიმარჯვა.

​ქაჯაიამდე მეოთხედფინალის საგზური დღეს მოასპარეზე ბექა როყვას გუნდის წევრებიდან უკვე მოიპოვა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.), რომელმაც წუთსა და 33 წამში აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 10:0, ბერძენი მეტოქე დაამარცხა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორი ქართველი მეორე შეხვედრას მასპინძელთა ნაკრების წევრ რადზიკ კულიეუსთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, დავით ჩხარტიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამ წონითი კატეგორიების მედლებისთვის შეხვედრები დღეს, 19:30-იდან დაიწყება.