ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - იაკობ ქაჯაია ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი იაკობ ქაჯაია. მეოთხედფინალში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი ქართველის მეტოქე რიოს ოლიმპიური თამაშებისა და ბაქოს ევროპული თამაშების პრიზიორი აზერბაიჯანელი – საბაჰ შაირათი იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ქაჯაია ჯერ 1:0 დაწინაურდა, შემდეგ კი მეტოქე დაიჭირა, ზედიზედ სამი ორქულიანი აუღო და პერიოდი 7:0 მოიგო. მეორე ნახევარში სპორტსმენებმა ჯერ ორ-ორი ქულა გაცვალეს საბოლოოდ კი იაკობს უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია და 10:4 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ქაჯაიას მეტოქე ნორვეგიელი ოსკარ მარვიკი იქნება და ეს ორთაბრძოლა დღეს, თბილისის დროით 19:20-ზეა დაგეგმილი.

დღესვე, ასევე მეოთხედფინალამდე მივიდა, იქ კი ბელორუსი რადზიკ კულიეუს ბარიერი ვერ დაძლია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.). რაც შეეხება რევაზ ნადარეიშვილს (97 კგ.) იგი პირველივე შეხვედრაში ტიტულოვან სომეხ სპორტსმენს, არტურ ალეკსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, დავით ჩხარტიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამ წონითი კატეგორიების მედლებისთვის შეხვედრები დღეს, 19:30-იდან დაიწყება.