ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - იაკობ ქაჯაია ფინალში „სუფთა გამარჯვებით“ გავიდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ნორვეგიელი ოსკარ მარვიკი დაამარცხა. შეხვედრის დაწყებიდან ერთ წუთში, მაშინ როდესაც ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი ქაჯაია 2:0-ს იგებდა ქართველმა მეტოქე ბეჭებზე გააკრა და „სუფთა გამარჯვებით“ ფინალში ვადამდე გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაკობის მეტოქე მასპინძელთა ფალავანი, კირილ ჰრიშჩანკა იქნება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირში დღეს ჩართული კიდევ ერთი ქართველი რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.). იგი პირველივე შეხვედრაში ტიტულოვან სომეხ სპორტსმენს, არტურ ალეკსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. ალეკსანიანმა წარმატებით იასპარეზა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში და ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლის აღების იმედი დაუტოვა. დამამშვიდებელ რაუნდში ქართველი ავსტრიის ნაკრების წევრს, დანიელ გასტლს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ბექა როყვას გუნდისთვის მორიგი მედლის მოსაპოვებლად, რეზო რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ გოლივინს დაუპირისპირდება.

დამამშვიდებელი რაუნდი სტარტს ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს. აქედან ერთ საათში კი დღეს დაწყებული სამივე წონითი კატეგორიის მედლები გათამაშდება.

დღესვე, მეოთხედფინალამდე მივიდა, იქ კი ბელორუსი რადზიკ კულიეუს ბარიერი ვერ დაძლია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.). ამის შემდეგ ფინალში ფინალში გასვლა ვერც კულიეუმ მოახერხა და ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ორი დღეს მედლებისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, სადაც ოქროს მედლისთვის რუსეთის ნაკრების წევრს – ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდება. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და კვარცხლბეკზე ასასვლელად მას რუმინელი რაზვან არნაუტის დამარცხება დასჭირდება. ამ წონითი კატეგორიების მედლებისთვის შეხვედრები დღეს, 19:30-იდან დაიწყება.