ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - დავით ჩხარტიშვილი მეოთხედფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ტურნირში პირველი დავით ჩხარტიშვილი ჩაერთო და მეოთხედფინალში გავიდა.

60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შარშანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორები შეხვდნენ. ჩხარტიშვილის მეტოქე იტალიელი ჯაკოპო სანდრონი იყო. შეხვედრის სტარტზე ქართველი სპორტსმენი ერთი ქულით დაწინაურდა პირველი პერიოდიც ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში 22 წლის ჩხარტიშვილმა ეფექტური ოთხქულიანი შეასრულა და უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა. მეოთხედფინალში დავით ჩხარტიშვილის მეტოქე, ვეტერანი ხორვატი, 30 წლის ივან ლიზატოვიჩი იქნება.

დღესვე მედლებისთვის ბრძოლაში ბექა როყვას გუნდიდან კიდევ ორი სპორტსმენი ჩაებმება და ორივე მათგანი ასპარეზობას ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს. ქართველი ოლიმპიური პრიზიორი, დაახლოებით, 13:10-ზე ავსტრიელ კრისტოფ ბურგერს შეხვდება. აქედან დაახლოებით 20 წუთში, ასევე მერვედფინალურ შეხვედრას გელა ბოლქვაძე (77 კგ.) გამართავს, რომლის მეტოქეც შვედეთის ნაკრების წევრი ალექსი კესიდისი იქნება. ამ წონით კატეგორიებში დღეს ნახევარფინალისტების და დამამშვიდებელი რაუნდის მონაწილეების ვინაობა გაირკვევა, ფინალური ბლოკი კი 29 ივნისს თბილისის დროით 19:30-იდან დაიწყება.