ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | თორნიკე მიქელაძემ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
რომში მიმდინარე 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა.
დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ერთი მედლის მოპოვება შეძლო – თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფალავანი ფინალურ შეხვედრაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან 2:3 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მათე გოქაძეს, რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირება პოლონელ კრავცჩიკთან დათმო.
ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი შეეძლო გამხდარიყო რომეო ბერიძეც (63 კგ), რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში ხორვატი დომაგოი ჩელიჩეკი დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ოლეგ ხალილოვთან დამარცხდა. ხვალ კონტინენტის პირველობაზე დარჩენილ ხუთ წონაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. რომის შეჯიბრზე ოქროს მედლისთვის საქართველოს ნაკრების სამი წევრი იჭიდავებს.
დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ფინალში გასასვლელად ებრაელი მელკამუ ფეტენე 9:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სომეხ მოჭიდავეს შეხვდება. ნიკა ბროლაძე (67 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადეს დაუპირისპირდა, მეტოქეს 4:1 სძლია და ფინალში ისიც სომეხ სპორტსმენთან იჭიდავებს. ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ასევე აჩიკო ბოლქვაძეც (82 კგ), რომელმაც შვედი ჰამზა სერჩანლი 5:1 დაამარცხა და ოქროსთვის ფინელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან თემურ ორჯონიკიძე გააგრძელებს (72კგ).