ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი მოჭიდავე – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც წურწუმია ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში მოლდოველ არტიომ დელეანუს 10:0 მოუგო,ფინალში გასასვლელად კი უზბეკი ოკტიკბოევი დაამარცხა. წურწუმია ხვალ, 22 სექტემბერს ფინალურ ბლოკში შეეცდება, მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.