ბერდია სიჭინავა - ვთავაზობთ „ოცნების“ წევრებს, გამოცხადნენ სენაკის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და თავმჯდომარის თანამდებობაზე მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს  მხარს დავუჭერთ
ბერდია სიჭინავა - ვთავაზობთ „ოცნების“ წევრებს, გამოცხადნენ სენაკის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და თავმჯდომარის თანამდებობაზე მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს  მხარს დავუჭერთ

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებული რვა სხდომიდან, ბოლო ხუთი სხდომაა „ოცნების“ წარმომადგენლები არ მოდიან სხდომაზე და უკვე თითქმის ორი თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სიჭინავა აცხადებს, „ოცნების“ გაცხადებული მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ცვლილება.

„როგორც მოგეხსენებათ, სენაკის მუნიციპალიტეტი არის იმ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი, სადაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას აქვს გადამწყვეტი ხმები და დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულია საკრებულოს მორიგი სხდომა. როგორც თქვენთვის ცნობილია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებული რვა სხდომიდან, ბოლო ხუთი სხდომაა „ოცნების“ წარმომადგენლები, მათი პარტიული ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, არ მოდიან სხდომაზე და უკვე თითქმის ორი თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ყოველდღიურობაზეც ამ უპასუხისმგებლო ქმედებას აქვს პირდაპირი გავლენა. „ოცნების“ გაცხადებული მიზანია – სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ასე ხელოვნურად, ძალისმიერი ცვლილება. ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, „ოცნების“ ხელმძღვანელების მიერ, სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის თვითმიზანი.

სიჭინავა აცხადებს, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ შეთავაზება აქვს მმართველ გუნდთან, რომ ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და „საქართველოსთვის“ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დაუჭერს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის თვითმიზანი, მით უფრო, იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“ სენაკის და სენაკელების ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას – „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ. დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხიანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი“, – განაცხადა სიჭინავამ.