ბექირ ბოზდაგი - თურქეთი სირიის საკითხზე არც ერთი ქვეყნის პოლიტიკას არ უჭერს მხარს
თურქეთი სირიის საკითხზე არც ერთი ქვეყნის პოლიტიკას არ უჭერს მხარს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაგმა გააკეთა.
მისი თქმით, ანკარა სირიის საკითხზე აშშ-ს, რუსეთისა და ირანის პოლიტიკას არ ეთანხმება.
მაღალჩინოსნის განცხადებით, თურქეთს სირიასთან დაკავშირებით განსხვავებული პოლიტიკა აქვს. ბოზდაგმა ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რეპორტიორმა თურქეთის ვიცე-პრემიერს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.
ემანულე მაკრონმა მანამდე განაცხადა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის და მისი მოკავშირეების დარტმებს, რითაც რუსეთს გამოეყო.
„თურქეთი სირიის მიმართ პოლიტიკაზე არც ერთ ქვეყნის გვერდით არ დგას და არც რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდის. ჩვენ არ ვეთანხმებით აშშ-ის პოლიტიკას, როდესაც ის სირიელ ქურთ მებრძოლებს უჭერს მხარს და თურქეთის ეს პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით სირიის რეჟმის უპირობო მხარდაჭერას და ამის გამო, ირანთან და რუსეთთან უთანხმოება გვაქვს“, – განაცხადა თურქეთის ვიცე პრემიერმა.