ბექაური-ღვინიაშვილის ფინალი ევროპის ჩემპიონატზე - ლიპარტელიანი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბექაური-ღვინიაშვილის ფინალი ევროპის ჩემპიონატზე - ლიპარტელიანი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც ფინალურ ბლოკში ხუთ მათგანს ვიხილავთ.

კონტინენტის პირველობაზე 90კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება, სადაც ბექა ღვინიაშვილი ლაშა ბექაურს შეხვდება.

ღვინიაშვილმა 1/2 ფინალში რუსი იგოლნიკოვი დაამარცხა. ქართველს თავიდან გდება არ ჩაუთვალეს და ტაბლოზე ქულა მეტოქეს მიენიჭა, თუმცა მომენტის კარგად განხილვის შემდეგ ვაზარი და ქულა ღვინიაშვილს ერგო. მან მეორე გდებაც მიაყოლა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.

ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ზგნაკთან შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე ერთქულიანი გდება შეასრულა და მშვიდად მიიყვანა ბრძოლა გამარჯვებამდე.

კიდევ ერთი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. ფინალში იგი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.

იგი 1/2 ფინალში რუს ნიაზ ილიასოვს შეხვდა, რომელთანაც რთული ბრძოლა გადაიტანა, თუმცა მეტოქის ერთი შეცდომა კარგად გამოიყენა და ეფექტური გდებით იპონზე დააგდო.

ბრინჯაოს მედლისთვის კი იბრძოლებენ მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი და 100 კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.