ბექა ქურდაძე - იყო სხვა მიწვევები, მაგრამ რეალური „გაგრას“ ვარიანტი აღმოჩნდა #1TVSPORT
ბექა ქურდაძე - იყო სხვა მიწვევები, მაგრამ რეალური „გაგრას“ ვარიანტი აღმოჩნდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ბექა ქურდაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ კარიერას გააგრძელებს „გაგრაში“. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გუნდში 24 წლის მეკარე დავით კერესელიძეს შეცვლის, რომელიც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ „დინამო თბილისში“ გადავიდა.

„შემიძლია დავადასტურო, რომ „გაგრაში“ გადასვლა გადავწყვიტე. ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ 99 პროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ „გაგრაში“ ვითამაშებ. „გაგრა“ მომწონს და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები. გაგა კირკიტაძე და „გაგრას“ მეკარეთა მწვრთნელი ირაკლი შენგელია მენდობიან და არჩევანზე გავლენა ამანაც იქონია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბექა ქურდაძე.

„სამტრედია“ ეროვნული ლიგიდან გავარდა, მაგრამ ქურდაძემ ბევრი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 24 წლის მეკარემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში არ დამალა, რომ ამბიციურ გუნდებში იწვევდნენ და თავადაც ასეთი ტრანსფერის მოლოდინში იყო.

„მეც მქონდა იგივე სურვილი და მოლოდინი, რომ ოთხეულის გუნდში წავიდოდი. გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაინტერესდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მეგონა. მეორეს მხრივ, „გაგრაში“ თამაში უფრო მაწყობდა. დარწმუნებული ვარ, რომ იოლი მეტოქე არავისთვის ვიქნებით“, – გვითხრა ქურდაძემ.