ბექა ქურდაძე „გაგრაში” დაბრუნდა #1TVSPORT
ბექა ქურდაძე „გაგრაში” დაბრუნდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგიდან გავარდნილი „სამტრედია“ დეკემბერში მეკარე ბექა ქურდაძემ დატოვა – ახლა ცნობილი გახდა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი ახალ გუნდს შეუთანხმდა.

24 წლის მეკარე ახალი სეზონიდან „გაგრას“ კარს დაიცავს, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიოდა და 2021 წლის სეზონში ქობულეთის „შუქურა“ პლეი ოფში დაამარცხა. გუნდი მეკარე დავით კერესელიძემ დატოვა, რომელიც „დინამო თბილისში“ გადავიდა.

ქურდაძე სწორედ კერესელიძეს შეცვლის და გუნდის პირველი მეკარე იქნება. 24 წლის მეკარემ, მიუხედავად „სამტრედიას“ ლიგიდან გავარდნისა, ეროვნულ ლიგაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა – რომ არა ქურდაძე, გუნდი ბევრად მეტ გოლს გაუშვებდა. ბექა რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

თავიდან გავრცელდა ხმები, რომ გია ცეცაძე ბექა ქურდაძეს ქუთაისის „ტორპედოში“ წაიყვანდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ხმები არ დადასტურდა.

ბექა ქუთაისელია, მაგრამ კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, შემდეგ იყო „ლოკომოტივი“, „ საბურთალოში“ დაბრუნება, „სამგურალი“ და „სამტრედია“. მას „გაგრაშიც” უთამაშია – ამ გუნდის ღირსებას ეროვნულ ლიგა 2-ში წელს 2019 წელს იცავდა.