ბექა ქავთარაძე ყაზახეთიდან ესპანეთში გადავიდა #1TVSPORT
ბექა ქავთარაძე ყაზახეთიდან ესპანეთში გადავიდა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას „მელილას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ესპანურ კლუბში აცხადებენ, რომ ბექა ქავთარაძესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ქართველი ცენტრფორვარდი გუნდს სეზონის ბოლომდე შეუერთდება.

„ახალი მოთამაშე ყაზახეთის მეორე დივიზიონიდან, „ელიმაიდან“ ჩამოვიდა, სადაც ლიგის ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. გვინდა, ბექა ქავთარაძეს წარმატებები ვუსურვოთ“, – წერია „მელილას“ განცხადებაში.

„უდ მელილა“ პრიმერა RFEF-ში თამაშობს – ეს ესპანეთის საფეხბურთო სისტემაში რანგით მესამე ლიგაა და ნახევრადპროფესიონალური გუნდები მონაწილეობენ.

ბექა ქავთარაძე 24 წლისაა. თავდამსხმელი ვარჯიშობდა 35-ე საფეხბურთო სკოლაში, შემდეგ „დინამო თბილისის“ აკადემიაში, 18 წლის კი მთავარ გუნდში დააწინაურეს. ასევე, ითამაშა „რუსთავსა“ და „საბურთალოში“, სადაც 18 გოლი გაიტანა. ქავთარაძე 2021 წელს წავიდა რუსეთში, მაგრამ შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და „თელავში“ გამოდიოდა.

2023 წელს ქავთარაძე ყაზახეთში გაემგზავრა – მეორე დივიზიონის „ელიმაიში“ ლიგის ჩემპიონობა იზეიმა და 21 მატჩში გატანილი 19 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.