ბექა ქავთარაძე - ჩემპიონატში ყველა ქულას ფასი დაედება
ბექა ქავთარაძე - ჩემპიონატში ყველა ქულას ფასი დაედება

უკვე ორი კვირაა, რაც „საბურთალომ” ვარჯიში განაახლა და ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება. გუნდის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, 20 წლის ბექა ქავთარაძის თქმით, ფეხბურთელებმა ურთულესი პერიოდი გამოიარეს.

„ძალიან რთული დრო მოვიტოვეთ უკან. ორი თვე სახლში ვიყავი და სხვებთან ერთად წესებს ვიცავდი. სახლის პირობებში რთულია სპორტული ფორმის შენარჩუნება, მაგრამ ვცდილობდი იმ დავალებების შესრულებას, რაც მწვრთნელებმა მოგვცეს. დიდი დრო მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე“, – ამბობს ქავთარაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გახარებულია, რომ 25 ივნისიდან ეროვნული ჩემპიონატის განახლება გადაწყდა: „სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ კორონავირუსი უფრო მარტივად გადაიტანა, რაც იმ ექიმებისა და ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ჩემპიონატის განახლებას ივლისის თვეში ველოდებოდი, თუმცა კარგია, რომ კიდევ ადრე ვიწყებთ. წელს რთული ჩემპიონატი იქნება და ყველა ქულასა თუ მოგებას უდიდესი ფასი ექნება. ვფიქრობ, რომ სიურპრიზებიც მრავლად იქნება. ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ, წინ დიდი გამოწვევები გველის“.

ქავთარაძე „საბურთალოში” წელს გადავიდა და მიაჩნია, რომ არჩევანში არ შემცდარა: „გამიხარდა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელებისგან შეთავაზება მივიღე. „საბურთალო” ამბიციური კლუბია და დიდი მიზნები აქვს. სეზონი კარგად დავიწყეთ და სუპერთასს დავეუფლეთ. იმედია, ასე გაგრძელდება და ევროტურნირებზეც თავს კარგად წარმოვაჩენთ. ევროტურნირებზე გამოსვლა ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ამ ტურნირზე არასდროს მითამაშია და ჩემთვის სადებიუტო იქნება“.

20 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და მის შემადგენლობაში ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ უთამაშია, როგორებიც არიან საფრანგეთი, შვეიცარია და სლოვენია: „21-წლამდე ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ მომიწია ასპარეზობა. სწორედ, ასეთ მატჩებში უნდა განვითარდე და გაიზარდო, ამისათვის კი ბევრი უნდა იშრომო. ფეხბურთელმა მინდორზე, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს“.

დატოვე კომენტარი