ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

23 მაისს გაერო-ს შტაბბინაში ბექა ოდიშარია აშშ-ის დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაერო-ს სხვადასხვა მისიას შეხვდა, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს.

25 მაისს, მანჰეტენზე „გრინ ბოულინგ პარკში“ (Green Bowling Park) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გაუწია. ღონისძიებაზე ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი პიტავას (ფსევდონიმი – „სანდრო ბარათელი“) პირდაპირი შთამომავალია. ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას და მათ აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის კეთილი ნების ელჩები უწოდა. დეპუტატმა ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისა და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისთვის.

ბექა ოდიშარიამ გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და მათი საჩუქარი – პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა დიასპორის წარმომადგენლებს.

„1992 წლიდან ჩვენი დროშა გაერო-ს შტაბბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაერო-ში გაწევრიანდა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.