ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ, ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ
ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ, ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ

თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ, ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ რომ პატივს ვცემთ მებრძოლებს და რა ფორმითაც გამოვხატავთ ამას სისტემურად, მართლა ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით, ამაზე გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა. პაატა მანჯგალაძე, თუ მისულხართ კამერების გარეშე გმირთა მოედნის მონუმენტთან? ამ სავარძლებიდან რომ ომობთ, მართლა დუქნის ლომები, თუ გეომებათ, ადექით და თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით. აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უჩუმრად წავიდნენ, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი. ერთი – ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო. იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ აუნთეთ თქვენს ბავშვებს? დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. ევროპარლამენტარებს ლანძღავთო. ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ევროპარლამენტარებს ჩვენ დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ, ქვეყნის პროგრესს ვაცნობთ. თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ ხალხი. ვინ უფრო არის ევროპარლამენტარების მეგობარი, ჩვენ თუ თქვენ?

კაცს, რომელიც გვერდში გიზის, სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა არ ესმის და ის ტოლერანტობაზე გვიკითხავს მორალს. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში, სამშობლოს გულისთვის ავტომატი ხელში არ გჭერია. 2008 წელს სად იყავი, მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით, არ მახლდა არც ტელეოპერატორი და არც „სელფებს“ ვიღებდი, არც არავის ნებართვა დამჭირვებია და არც დაორგანიზება, სადმე რომ წავსულიყავი. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას.

გენერალმა ჩაჩიბაიამ ძალიან კარგად ისაუბრა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე. საუბარი მაქვს მნიშვნელოვან პროგრამაზე, რომლის მიხედვით, სტუდენტები, 23 წლის ასაკამდე ადამიანები ნებაყოფლობით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაერთონ მასში. პროგრამა ითვალისწინებს ყოველ წელს ერთთვიან მომზადებას და მათ ქცევას ნამდვილ მებრძოლებად, ადამიანებად, რომლებიც საზარბაზნე ხორცი კი არ იქნებიან – 2008 წელს ბომბი რომ გავარდა და მიატოვეს ავტობუსებით რეზერვისტები – არამედ ეს ბიჭები და გოგონები მომზადებული იქნებიან სამშობლოს დასაცავად. ძალიან მაგარი პროგრამაა. წლების შემდეგ 100 000 პატრიოტი ახალგაზრდა გვეყოლება რეზერვში. ეს არის მართლა საშვილიშვილო საქმე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ. ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.