ბექა ოდიშარიამ ნინო ლომჯარიას მიმართა - პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე, მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
ბექა ოდიშარიამ ნინო ლომჯარიას მიმართა - პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე, მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას

პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, – ამ კითხვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც დღეს პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, თავის დროზე, ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევის პროცესები სკეპტიციზმით სავსე იყო და მმართველ გუნდს სურდა, დაეჯერებინა, რომ ის ყველას უფლებების დამცველი იქნებოდა.

„არაფერი პირადული – მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა გვინდოდა, დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით. ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა, გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო – ეკლესიის წინააღმდეგ.

აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და ბოდიშების მოხდაც მოუწია. ეს კადრები ყველამ ვნახეთ. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად, შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები.

გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში, როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ, რომ არსებობდა დაზარალებული და ამხელა პერიოდის შემდეგ ზემოთ ხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი განმწესრიგებელი სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი. აღმოჩნდა ტყუილი, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის მიხედვით, ომბუსდსმენი მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვთების მფლობელობას ედავება. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეკლესიისთვის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.