ბექა ოდიშარიამ  ნინო ლომჯარიას მიმართა - ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით
ბექა ოდიშარიამ  ნინო ლომჯარიას მიმართა - ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით

იცით, როგორი ურთიერთობების ფორმა გვქონდა ჩვენ მანამდე, ვიდრე კეთილსინდისიერად ასრულებდით საპატიო მოვალეობას, რასაც სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი არეგულირებს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც დეპუტატებს გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში.

მისივე თქმით, ომბუდსმენი უნდა იყოს ობიექტური და ყველას ომბუდსმენი. ამასთან, ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველის რამდენიმე აქცენტს უპასუხა.

„ომბუდსმენი არ უნდა იყოს პროსახელისუფლებო, მაგრამ მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს ობიექტური და ყველას ომბუდსმენი. ზუსტად მახსოვს, რამდენიმე თვეში მოხდა თქვენი პოლიტიკური ტრანსფორმაცია. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური განცხადებების 99 პროცენტი აბსოლუტურ უნისონშია რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგთან. დამიჯერეთ, არა მარტო მმართველ ძალას აკვირვებს თქვენი ასეთი ტიპის დევიაცია, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ამის მოლოდინი. მაშინ ძალიან გვაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭირეთ. მე ახლაც არ ვნანობ, სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე პინის ერთ მხარეს ხელოვნური გადაქაჩვა, არა მგონია, თქვენ სიკეთეს გმატებდეთ“, – მიმართა სახალხო დამცველს ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ სახალხო დამცველი ვერ ხედავს, რას აკეთებს პარლამენტი ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ვერ ამჩნევს, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფები აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ.

„ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.