ბექა ოდიშარია - ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, აუცილებლად დაისჯება
ბექა ოდიშარია - ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, აუცილებლად დაისჯება

ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, აუცილებლად დაისჯება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარიას თქმით, მთაწმინდაზე არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ექსცესებს, გარკვეული პროვოკაციების მცდელობას. თუმცა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად. ადამიანებს აქვთ უფლება და საშუალებაც, რომ გააკეთონ ღირსეული არჩევანი.

ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმა არაერთი შეფასება. როგორც ჩანს, ბოლო საათებში მწვავდება საარჩევნო პროცესი და საუბარი იყო, მათ შორის, ღირსებაზეც. მეც ვისარგებლებ ამ შემთხვევით, ამ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული ადამიანი წარვუდგინეთ ჩვენ მთაწმინდელებს. მართლაც, ბევრია ღირსეული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ, რომ შესაფერი მთაწმინდისთვის და მთაწმინდელებისთვის არის ლადო კახაძე, რომელიც არის განსახიერება ერთგულების, კეთილშობილების, შრომის, შრომისუნარიანობის და ადამიანი, რომელიც მუდმივად, მთელი ცხოვრების გზაზე იყო ხალხის სამსახურში.

დარჩენილია ორ საათზე ცოტა მეტი. მინდა გთხოვოთ განსაკუთრებული აქტიურობისკენ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არჩევანის საშუალება კვლავ ძალაშია და ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, რომ აუცილებლად დაისჯება და აუცილებლად აგებს სრული სიმკაცრით პასუხს კანონის წინაშე, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ არჩევანი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირეთ ლადო კახაძეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ მთაწმინდის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე.