ბექა ოდიშარია - ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება დასჭირდება, მივიღებთ, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველო-უკრაინის ხალხთაშორის მეგობრობაში
ბექა ოდიშარია - ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება დასჭირდება, მივიღებთ, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველო-უკრაინის ხალხთაშორის მეგობრობაში

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.

მისივე თქმით, ეს არის დიდი ნაბიჯი საქართველო-უკრაინის ხალხთაშორის მეგობრობაში.

„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მსოფლიოში მეორე დელეგაცია იყო, რომელიც კიევს, ირპენს და სხვა საომარ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებს ეწვია. სტეფანჩუკთან პირისპირ შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვიდრე უკრაინაში იქნება ომი და რუსეთის აგრესია, ყველა ადამიანი, ვისაც საჭიროება ექნება, საქართველოში რაღაც საშველი, დახმარება ჰპოვოს, ამისთვის დიასპორის კომიტეტი და თქვენი მონა-მორჩილი გახლდით დასახელებული. ეს პირველი დელეგაცია არ არის და არც უკანასკნელი იქნება. ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება დასჭირდება, მივიღებთ. მართლა სიამაყით ვარ სავსე, რომ ბავშვების ერთი ნაწილის მშობლები იბრძვიან ახლაც, წინა ხაზზე დგანან. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დაიღუპა, ეს ბავშვები დაობლდნენ და ძალიან მძიმეა. როდესაც შემოვიდნენ, სულ სხვა თვალები ჰქონდათ, აქედან რომ წავლენ, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა შთაბეჭდილებები ექნებათ. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოს და უკრაინის ხალხთაშორის მეგობრობაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.