ბექა ოდიშარია - თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის, თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო
ბექა ოდიშარია - თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის, თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო

ჩემთვის პატივია, გახლდეთ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა ახლა ნამდვილად რთულია წინამდებარე მოვალეობის შესრულება. თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის, თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავს დატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თურქეთი, როგორც უახლოესი მეზობელი და მეგობარი, ყოველთვის გვერდში უდგას ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას ნებისმიერი გამოწვევისას და პირველი უწვდის დახმარების ხელს.

„ცნობილია, რომ გარდაცვლილია ჩვენი ორი თანამემამულე, მათ შორის ერთი სენაკელი ქალბატონი ნანი ზარანდიაა, მეორე ჩვენი მოქალაქის ვინაობას მიზეზთა გამო ჯერ არ ვასახელებ. საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, საბედნიეროდ, ნაპოვნია. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს თანამემამულეთა დასახმარებლად. მოქმედებს ცხელი ხაზი. მადლობა ჩვენს დიპლომატებს.

მსოფლიო  შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო. ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ოპერატიულად აგზავნის სამაშველო ჯგუფებს, ექიმებს, ტექნიკას და ჰუმანიტარულ ტვირთს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. ერთ-ერთმა პირველებმა კი ჩვენი ძმებისა და დების უსაზღვრო ტკივილი ჩვენ, ქართველებმა გავიზიარეთ. უკვე მობილიზებულია და სტიქიური უბედურების ზონაში გაგზავნილია ყველაზე გამოცდილ ქართველ მეხანძრე-მაშველთა 60-კაციანი შემადგენლობა სრული აღჭურვილობით და ინვენტარით.

მინდა, პირადად მივუსამძიმრო ჩვენს დიდ მეგობარს, ჩვენი ქვეყნის მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ბატონ მუსტაფა შენთოფს, ასევე ჩემს კოლეგას, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ ჰალილ ეთიემეზის, მის აღმატებულებას, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბატონ ალი ქაან ორბაის და ამ მძიმე წუთებში ვუსურვო მათ გამძლეობა, მხნეობა.

საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი მზადაა, კვლავაც დაეხმაროს თურქ მეგობრებს დატრიალებული ტრაგედიის მძიმე შედეგების აღმოფხვრაში მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. მთელი საქართველო, ერი და ბერი გლოვობს თურქ ხალხთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს სტიქიური უბედურების მსხვერპლთა ოჯახებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.