ბექა ოდიშარია - სალომე ზურაბიშვილს მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგის ქარდავას და სხვა კაციჭამიებს შეიწყალებდა
პრეზიდენტის განცხადება იყო – არა და არასოდეს. ეს განცხადება დიდი კითხვის ქვეშ დააყენა მისმა ბოლო განცხადებამ, საბოლოო პასუხი მაშინ იქნება, როცა იქნებაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანების მხრიდან ჩანს, რომლებიც 450 დღეა, უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
„პრეზიდენტის დისკრეციაში ჩარევის ნიშნებს არ ვხედავ. მის მიმართ ზეწოლას ვხედავ მხოლოდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 450 დღეა, მას ლანძღვანარევი ტონით უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. როცა სჭირდებათ, ზურაბიშვილს თავიანთი დღის წესრიგისთვის ჩუმ-ჩუმად ხვდებიან, როცა უნდათ ლანძღავენ, რაც ალბათ არასოდეს შეგიმჩნევიათ „ქართული ოცნების“ მხრიდან. იცით, რომ 28 ათასი ადამიანი იხდიდა სასჯელს, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი და რა გასაკვირია, რომ ათი ათასი ადამიანი მივიდეს და გააპროტესტოს რეჟიმის მთავარი არქიტექტორის შეწყალება, რომელიც სასჯელს იხდის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, სააკაშვილი სასჯელს განსაკუთრებულ პირობებში იხდის.
„სააკაშვილი მოთავსებულია ლუქსპალატაში, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ასეთ პალატაში მკურნალობა რას ნიშნავს, ვიცი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ახლა სააკაშვილი სასჯელს განსაკუთრებულ პირობებში იხდის. სწორედ იმ 450-დღიანმა ხელოვნურმა, მართლაც რაღაცნაირმა კამპანიამ, რომელიც თვალში ნაცრის შეყრას უფრო გულისხმობდა, ეს ხალხი წყობიდან გამოიყვანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პარტიული ვნებები უნდა დააცხროს და სააკაშვილით პარატიზირებას მორჩეს. ხომ გესმით, რომ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ ადარდებს? ფსკერზე ჩასვლა რომ დაიწყეს, ხავსის სუნი რომ ეცათ, სააკაშვილი მაშინ გაახსენდათ, მათ შორის მაშინ, როცა თემურ ალასანიამ უთხრა, რომ შეუწყვეტდა სასუნთქ საშუალებებს. ახლა ერთმანეთს ხოცავენ და კავკასიური ცარცის წრესავით არიან. ოღონდ სააკაშვილის ჯანმრთელობა არცერთს ადარდებს. ადარდებთ მხოლოდ თავიანთი გამარჯვება პარტიაში. ორივე კანდიდატს ვგულშემატკივრობთ, რადგან ერთი მეორეზე უკეთესები არიან – დაამშვენებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებაზე განაცხადა – არა და არასოდეს; ბოლოს თქვა, საბოლოო პასუხი მაშინ იქნება, როცა იქნებაო, ამ ორ განცხადებას შორის განსხვავება რომ ვერ ვიპოვოთ, ბრმანი და ყრუნი უნდა ვიყოთ, მაგრამ მჯერა, სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია. მისი კამპანიისას, პარტიის ლიდერებთან ერთად, უდიდესი ამაგი მაქვს, ამას არ ვამბობ დაყვედრებით, მინდოდა, პრინციპული და ზეპარტიული პრეზიდენტი ყოფილიყო. მისი უფლებაა, თუ უნდა, მელიას შეხვდეს და ხაბეიშვილს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტმა ადამიანმა, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგის ქარდავათი დაწყებულ და სხვა კაციჭამიებით დამთავრებულ ადამიანებს შეიწყალებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი არჩევის. ამიტომ ამ გაღიზიანებაში ხელოვნურს ვერაფერს ვხედავთ. შეკრებილ ადამიანებს შორის პიროვნებები, სახეები იდგნენ. ამ ადამიანებთან რაღაც „საიდუმლო სერობის“ მოწყობა როგორ წარმოგიდგენიათ? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ დაჰყავთ, რომ მირეკავენ ხოლმე ხან ბაკურიანში, ხან სხვა კურორტებზე და ჭკუას არიგებენ, ეს ხალხი ასეთი კატეგორია არ არის. ისინი არიან პრინციპული და თავის თავზე სიმწარეგადატანილი ადამიანები, რომელთა მიმართ მანიპულირება გამორიცხულია. მათ ყელში რაღაც პროცესი ამოუვიდათ, საკუთარი პოზიცია ძალიან კორექტულად გამოთქვეს. დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი თავის პრინციპულობას გამოიჩენს, რომელსაც 2007 წლიდან იჩენდა. მაშინ გაიმარჯვებს არა მხოლოდ ის ძალაუფლება, რომელიც მას საკუთარი დისკრეციით გააჩნია, არამედ სწორედ ის ხედვა, რითიც საპრეზიდენტო პოსტზე მოვიდა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.