ბექა ოდიშარია - სადაც ერთი ქართველი მაინც არის, იქ პატარა საქართველოა
ბექა ოდიშარია - სადაც ერთი ქართველი მაინც არის, იქ პატარა საქართველოა

სადაც ერთი ქართველი მაინც არის, იქ პატარა საქართველოა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულთა გამოცხადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველო ელოდება თითოეულ დიასპორელს, თანამემამულეს განურჩევლად ასაკის, სქესისა და ეროვნებისა, განსაკუთრებით კი იმ თაობას, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ქვეყნის მართვა.

„დარწმუნებული ვარ, აღვადგენთ იმ რეჟიმს, როდესაც თქვენთან ჩამოვდიოდით. ძალიან ემოციურად დაასრულა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარემ და მართლაც ასეა. სადაც არის ერთი ქართველი მაინც, იქ პატარა საქართველოა. როდესაც ჩემს კოლეგებთან ერთად ჩამოვდიოდით თქვენთან ძალიან საინტერესო დიასპორულ კონფერენციებზე და ვხვდებოდით არა მხოლოდ საკონფერენციო სივრცეებში, დამერწმუნებით ბევრი თქვენგანის ოჯახში ვარ ნამყოფი. კარდაკარ დავდიოდით და ვცდილობდით გაგვეგო არა მხლოდ ის, რაც საკანონმდებლო დონეზეა მოსაწესრიგებელი ან არგონიზაციულად არის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან თქვენამდე მოსატანი, არამედ გაგვეგო ის ადამიანური ემოციები და განცდები, რომლებიც თქვენ გაქვთ. ასეთია საქართველოს ბედ-იღბალი, ჩამოვყალიბდით ისეთ ქვეყნად, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი დიასპორა. ეს საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და როგორც წესი, არ იყო ადამიანების საკუთარი ნებითა და სიხარულით გამოწვეული. თუმცა, ისტორია იცვლებოდა, გვიან შუა საუკუნეებში იყო ერთი მიზეზით, შემდეგ ყველას გვესმის, იყო პირველი პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში, რომლის შთამომავალიც მე გახლავართ. ძალიან კარგად მახსოვს, როცა მამაჩემის დედა მიბარებდა, ჩვენი ცხოვრება ისე არ დამთავრებულიყო, რომ არ მოგვენახულებინა ლევილის სასაფლაო, სადაც ჩემი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. მაშინ ეს შეუძლებელი, თითქმის მიუწვდომელი იყო.

გაჩნდა თაობა, რომელიც არის ჩვენი იმედი. თითოეულ დიასპორელს ველოდებით განურჩევლად ასაკის, სქესისა და ეროვნებისა, ველოდებით ჩვენ თანამემამულეებს. განსაკუთრებით ველოდებით იმ თაობას, რომელმაც ხელში უნდა აიღოს  ქვეყნის მართვა, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკა ადგილზე, რომელმაც უნდა ჩამოიყვანოს ის მეგობრები და გულშემატკივრები საქართველოსი, რომლებზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი პატარა ქვეყნის განვითარების ბედი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარებისა და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში