ბექა ოდიშარია - როგორც ჩვენ გვეკუთვნის ცხინვალი და სოხუმი, ისე ეკუთვნის სოხუმელს და ცხინვალელს თბილისი
ბექა ოდიშარია - როგორც ჩვენ გვეკუთვნის ცხინვალი და სოხუმი, ისე ეკუთვნის სოხუმელს და ცხინვალელს თბილისი

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ კი არა, უნდა გავერთიანდეთ და უნდა შევქმნათ სინერგია. როგორც ჩვენ გვეკუთვნის ცხინვალი და სოხუმი, ისე ეკუთვნის სოხუმელს და ცხინვალელს თბილისი. ეს უნდა გვახსოვდეს კარგად. აქ არაფერი არის გასაკვირი, გასაოცარი და უნიკალური, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენის დროს.

მისი თქმით, მინისტრის მოხსენება ძალიან საინტერესო იყო, რომელიც გარკვეულწილად მოიცავდა სხვა სამინისტროების ინიციატივებს, როგორებიცაა, მაგალითად, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჯანდაცვის, განათლების პროგრამები და სხვა.

„შიშველი პოპულიზმი უნდა მორჩეს. ეს არის შერიგების სამინისტრო, უნდა დავფიქრდეთ, მერამდენედ უნდა შევიდეთ ცეცხლიან მდინარეში. იქ, სადაც საუბარია გარკვეულ გახსნილობაზე, ეს მისაღებია, მაგრამ ჩვენ ერგნეთის თემას ვერ დავუბრუნდებით. ის სხვა დროის საქართველო იყო. იმ დროს საქართველოს, სამწუხაროდ, თავი არ ჰქონდა, შეეთავაზებინა ის ბენეფიტები ჩვენი ოსი და აფხაზი მეგობრებისთვის, რაც ჩვენ შეგვიძლია – ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, კანდიდატის სტატუსი და ათასი რამ. შერიგების სამინისტრო აწყობილი უნდა იყოს სწორედ ტაქტიკურ და სტრატეგიულ მოთმინებაზე. მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არ უნდა ერქვას, რადგან ყველაფერი უნდა იყოს თანაბარწილად, ურთიერთშეთანხმებით, საბოლოო კონსენსუსით, ოღონდ არა ისე, რომ რაღაცის ფასად დავთმოთ რაიმე გოჯი მიწა. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.