ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა, არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა, არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

ამ ცხრა დღეს მართლა გულისფანცქალით ველოდებით, როდის გაივლის, რომ მივიღოთ სტატუსი, თუმცა კანდიდატის სტატუსი არ არის ჩვენთვის საბოლოო გაჩერება და მწვერვალი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გაწერილი გეგმის ფარგლებში, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს გვქონდეს დასაბუთებული პრეტენზია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს, ასევე სხვებმა, რომლებიც მავნებლობენ. დააკვირდით, როგორი პროცესები ვითარდება, მათ შორის, პარტიულ მედიებში. მიადგნენ ჯარს, რადგან ჯარი არის საქართველოს პრესტიჟისა და დასავლური მისწრაფებების განუყოფელი ნაწილი. ჯარი უმაღლეს შეფასებებს იღებს ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან თავსებადობის თვალსაზრისით, დღეს ჯარისკაცის ირგვლივ ტრიალებს სარდლობა და არა პირიქით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ისევე, როგორც სუს-ს და სასაზღვრო პოლიციას ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით დააბრალეს „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობა. ეს ხალხი წყობიდან არის გამოსული, რადგან სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ რამენაირად ამ ბოლო ცხრა დღეში დააზიანონ ჩვენი ევროპული მისწრაფება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ოდიშარიამ.