ბექა ოდიშარია - ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფო აქტიურად ცდილობს, ჩვენი დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული
ბექა ოდიშარია - ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფო აქტიურად ცდილობს, ჩვენი დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა, ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ, ირლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ირლანდიაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ცნობილ სპორტსმენს და მწვრთნელს, ზაურ ანთიას, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას და ქართული სოციალური პლატფორმის ხელმძღვანელს, თამარ ბერიშვილს.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპის ქართული დიასპორები, მათ შორის ირლანდიის ქართული დიასპორა დგას.

ისაუბრეს დიასპორის როლზე, არა მარტო უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაში დიასპორული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით.

„უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფოს პოლიტიკა დიასპორის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ადრე არსებობდა სამწუხარო ნარატივი, რომ დიასპორა არის მხოლოდ დიდი გამოწვევა და ხალხის, ადამიანური რესურსის გადინება. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს სახელმწიფო დიასპორას უყურებს არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მკვეთრად გაძლიერებასა და განვითარებაში. ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფო აქტიურად ცდილობს, ჩვენი დიასპორის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლები დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.